- მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული თეორიები
- მათ შორის განსხვავებას ხშირად ბუნდოვანი სახე აქვს. მოდერნისტული თეორიები, როგორც წესი, გამომდინარეობენ ობიექტივისტური (ხანდახან პოზიტივისტური) ეპისტემიოლოგიიდან, მაშინ როდესაც პოსტმოდერნისტული თეორიები ძირითადად სუბიექტივისტურია; მოდერნისტული თეორიები საზოგადოების ზრდას განმარტავენ როგორც დიფერენციაციის პროცესს, მაშინ როდესაც პოსტმოდერნისტები დედიფერენციაზე საუბრობენ; მოდერნისტული თეორიები ძირითადად ცდილობენ საზოგადოების საერთო, განზოგადებული მოდელები შემოგვთავაზონ, პოსტმოდერნისტები კი მრავალ სხვადასხვა პერსპექტივას განიხილავენ. რაც შეეხება ნორმატიულ პროექტებს, რომლებიც ამ თეორიებთან ასოცირდება: მოდერნისტები რაციონალური დიალოგის საშუალებით ეძებენ ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებულ უნივერსალიზმს ანუ მიისწრაფიან გარკვეული ეთიკური პრინციპების ერთობლიობის ირგვლივ შეთანხმებისკენ; მათი აზრით, მოცემული პრინციპების ერთობლიობას არგუმენტირებული/გამართლებული სახე უნდა ჰქონდეს და მიზნად ისახავდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირებას; პოსტმოდერნისტები კი ცდილობენ კულტურული პლურალიზმის შენარჩუნებას, რის ფარგლებშიც ისინი თანაუგრძნობენ და ტოლერანტულად არიან განწყობილნი სხვების მორალურობის/ეთიკის მიმართ და კამათის შემთხვევაში უპირისპირდებიან მათ „თამაშის ფორმით“.Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.